პატიმარი დანას ამტვრევს, პირში იდებს და ყლაპავს – როგორ უსწორდებიან პატიმრები ციხის თანამშრომლებს (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან პატიმრები ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათ შორის ქალებსაც.

აღნიშნული ვიდეო მტკიცებულებები იუსტიცის მინისტრმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებასა და „მაყურებლებზე“ ისაუბრა.

„თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშით, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დავტოვოთ ერთად. ისეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ, როცა მას შეურაცხყოფენ, თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები. ამ ვიდეოში, წითელ შარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ“ – განაცხადა ნინო ლომჯარიას ანგარიშის საპასუხოდ თეა წულუკიანმა პარლამენტში.

როგორც მინისტრმა განმარტა, ვიდეოში არის კადრები, სადაც პატიმარი დანას გადაამტვრევს, პირში იდებს და ყლაპავს. ვიდეოკადრების ჩვენებას მინისტრმა განმარტებების მიაყოლა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება სცენას, პატიმარი ღელავს, ღელავს მას შემდეგ, რაც ექთანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმეს. შემდეგ წვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იგდებს პირში და ყლაპავს დანის ერთ ნაწილს, რა დროსაც, ჩვენი თანამშრომელი მამაკაცი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ ეს მისი ქმედება აღკვეთოს. როდესაც ყველაფერი სრულდება და გამოდიან გარეთ, ჩემი თანამშრომლები სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან, მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა სახეზე პატიმარს, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე ხელი მოაწეროთ იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ჭიქა, წყალი და ა.შ. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე აცხადებს უარს, ეს არის თქვენი თანამშრომელი, ვინმე ქალბატონი ნათია. მე ვსვამ კითხვას, რა არის ეს მიკერძოება? ის დაინახეთ, რომ თანამშრომელმა ხელი აარტყა და ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა. ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ასევე, თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება“, – მიმართა  თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის პარლამენტში წარდგენილი ანგარიში N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებს ეხებოდა.


მსგავსი თემები