პატიმართა წამებისთვის ციხის 7 თანამშრომელს 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, ამავე დაწესებულების შვიდი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მათ, სხვადასხვა დანაშაულისთვის 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

​როგორც პროკურატურაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

“ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ განურჩევლად ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება.არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე, შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა ამისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე,”- აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თანამშრომლებმა განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის წამება, რომელმაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული ძალადობის შედეგად განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა.

მსგავსი თემები