პატივისცემა NDI-ს და უპატივცემლობა მათ ქართველ კოლეგებს – რა უჭირს ხალხს?!

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა“ – ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  მაია ცქიტიშვილი NDI-ს კვლევებს.   

მინისტრის შეფასებით, მოსახლეობის პირველი რიგის პრობლემები ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი.

„იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები  ჩვენი ძირითადი გამოწვევებია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ეს პრობლემები გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული. ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს და სთხოვდეს ხელისუფლებას“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ NDI-მ, დღეს, კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა, მთავრობის საქმიანობას უარყოფით შეფასებას აძლევს.

კვლევა, 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა და 2131 პირი გამოიკითხა.

მსგავსი თემები