“პარტნიორების მიმართ თხოვნაა, საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა და დაგმეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ადგილზე მიმდინარე უკანონო ქმედებები.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება, ასევე განხილული იყო შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის ეფექტიანი ქმედებების განხორციელების გზები.

„საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებები. ჩვენი მხრიდან პარტნიორების მიმართ თხოვნაა, საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. ვმუშაობთ ყველასთან, რათა მოიძებნოს ეფექტური საშუალებები ვითარების დასარეგულირებლად.  ვისმენთ და ვითვალისწინებთ პარტნიორების რეკომენდაციებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკანიანის განცხადებით, პარტნიორებთან შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა მხარეების მიერ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი ვერ განიხილება იზოლირებულად, იმ რთული გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინების გარეშე, რაც არსებობს, მათ შორის რეგიონში რუსეთის ქმედებები.

„პარტნიორების მიმართ ჩვენი თხოვნაა, მოახდინონ ზემოქმედება რუსეთის ფედერაციაზე,  რათა მათი მხრიდან გამოხატულ  იქნას პოლიტიკური ნება და ჩვენ ვისმენთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას ეფექტური გზების გამოყენებით. ვფიქრობ, ეს შეხვედრები ამ მხრივ შედეგიანი იქნება“ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მსგავსი თემები