“პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია” – არჩილ თალაკვაძე

„პრაქტიკულად, მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს პროპორციულ რეგრესულ მოდელს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმება რომელიც პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს შეეხება, გულისხმობს პროპორციულ, რეგრესულ მოდელს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რამდენ ხმასაც მოიპოვებს არჩევნებში. ის პოლიტიკური პარტიები კი, რომელიც შედარებით მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, ამ მექანიზმით პროპორციულზე მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმება ასევე პრაქტიკულად მიღწეულია სარეკლამო დროის განაწილებაზე. „ეს არის უფრო სამართლიანი მოდელი, რომელიც არჩევნებში რეალური შედეგების მქონე პოლიტიკურ პარტიებს აძლევს უფასო სარეკლამო დროს, რომელიც მათ გამოადგებათ თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს მზადყოფნა რათა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა მნიშნელოვანი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში.

მსგავსი თემები