„პარლამენტში ყველას შემცვლელი მოიძებნება, ნუ წარმოვიდგენთ, რომ ისინი შეუცვლელები არიან“ – მირიან წიკლაური გუნდიდან წასულებზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური ამბობს, რომ იმ დეპუტატების შემცვლელების პოვნა რთული არ არის, ვინც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და მმართველ გუნდს მათი ჩანაცვლება არ გაუჭირდება. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ვერ ვიტყვი რომ კანონპროექტის ჩავარდნამ ან გუნდიდან დეპუტატების წასვლამ მასიური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. როცა თანაგუნდელი ტოვებს შენს გუნდს, ცხადია, გარკვეულწილად, შესაძლებლობებსა და პოტენციალის ნაწილს კარგავ. თავისთავად ცხადია, გარკვეული დანაკლისი განიცადა მმართველმა გუნდმა. თუმცა, რეზერვი არის. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ისინი იყვნენ ერთადერთები და განუმეორებლები, თვითონაც არ ფიქრობდნენ ასე. ყველას შემცვლელი აღმოჩნდება ამ ქვეყანაში და მათ შორის მათიც.  პარლამენტში ძალიან ბევრი განათლებული, შორსმჭვრეტელი, მოაზროვნე ადამიანია, რომლებსაც შეუძლიათ. წარმატებით გაართვან თავი ამ თანამდებობებს“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებით ერთ-ერთი ვაკანტური კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას გადაყვანას,  მირიან წიკლაურმა განაცხადა, რომ კაკულია საკმაოდ წარმატებული კომიტეტის თავმჯდომარეა.

„რომანი წარმატებით უძღვება კომიტეტს და ერთ-ერთი გამორჩეული კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც ძირეულად ცდილობს ჩასწვდეს ამა თუ იმ საკითხს. ეს მისი ერთ-ერთი დამსახურებაა“ – აღნიშნა წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები