პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას – საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო კოდექსზეც იწყებს მსჯელობას. დღეს პირველი მოსმენით განიხილება ის ცვლილებები, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან.

დაჩქარებული წესით განიხილება, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული.

“კვლავ დომინირებულ მდგომარეობაშია მმართველი პარტია საარჩევნო კომისიებში. არ არის აღკვეთილი მოსყიდვა – ტრადიციული სენი, ასევე ძალადობა, მათ შორის კრიმინალების გამოყენებით ამ მოქურდო და მოძველბიჭიო ელემენტების თარეში საარჩევნო უბნებში. ასევე მასწავლებლებისა თუ სხვა გავლენიანი პირების კონტროლი საარჩევნო უბნებისა. ჩვენ ამ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და ყველანაირად შევეცდებით, რომ მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო საზოგადოებას,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები