პარლამენტში დღეს პრემიერი მივა

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერი, კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესსა და სხვ.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

მსგავსი თემები