პარლამენტმა საქართველოს მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავარ პროკურორად, ფარული კენჭისყრით, 101  ხმით, 2-ის წინააღმდეგ შალვა თადუმაძე აირჩია.

სხდომაზე განსახილველი საკითხი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გამოიტანა და პარლამენტის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის – შალვა თადუმაძის  ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო. მან ასევე უპასუხა პარლამენტის წევრთა კითხვებს  მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკაშირებით და განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე, მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, პროფესიულად მიუდგება გამოუძიებელ საქმეებს, რისი თქმის საფუძველსაც ზოგადად საქმისადმი მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი იძლევა.

ნათია მიქელაძის განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, სამართლიანად წარიმართა და შერჩევის პროცესიც გამჭვირვალე იყო.

თანამომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტს გააცნო კომიტეტის დასკვნა და განაცხადა, რომ  კომიტეტმა უმრავლესობით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას.

მისი თქმით, კანდიდატურის შერჩევის პროცესი განხორციელდა კანონმდებლობაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც ექსპერტირებული და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტი “პროკურატურის შესახებ“ ახალ კანონპროექტზეც მუშაობს, და  ცვლილებები იმ სტანდარტებს ეხება, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან  გამომდინარეობს და რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ეკა ბესელიას განმარტებით, ეს ცვლილებები: გენერალურ პროკურორს მისცემს ახალ მანდატს; პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გავა და დამოუკიდებელი ორგანოგახდება; მას არც ერთ აღმასრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება და ერთადერთი ბმა ექნება პარლამენტთან. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა რეალურად დამოუკიდებელს გახდის გენერალურ პროკურორს.

ეკა ბესელიამ წარმოდგენილ კანდიდატურაზეც ისაუბრა და კოლეგებს  შალვა თადუმაძის პროფესიული ბიოგრაფიიდან და შრომითი საქმიანობიდან კონკრეტული ეპიზოდები  გააცნო.

„შალვა თადუმაძემ იცის რა არის ადვოკატის საქმიანობა, იცის რა არის სტანდარტი, რომელიც უნდა ჰქონდეს პროკურატურას. იცის, რას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. თავად გაუვლია რა არის უსამართლო მართმსაჯულება, რა არის უსამართლო გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის დევნის ორგანოში. გაუვლია რთული გზა და მოვიდა აქამდე. ამიტომ, მე შინაგანდ ვარ თავისუფალიც, თამამიც, როდესაც ამ შეფასებებს ვაკეთებ და მჯერა, ხმას მივცემ იმ ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს ამ უწყებაში, რას უნდა ემსახუროს და რა არის ის მთავარი ღირებულება, რისთვისაც უნდა დათანხმდე ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. სწორედ ის, რომ ის ადვოკატობიდან მიდის პროკურატურაში ეს ითვლება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ერთ-ერთ კარგ სტანდარტად იმიტომ, რომ ყველა მხრიდან უყურებდეს ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს. პროკურატურა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ დაიცვას სწორედ ადამიანის უფლება, ებრძოლოს დანაშაულს, წარმოადგინოს დაზარალებულის ინტერესი და დაიცვას საჯარო ინტერესსა და ადამინის უფლებების პირად ინტერესს შორის ბალანსი. მე ამას ვუსურვებ მთავარ პროკურორს, რომ იყოს ამ უფლებების სადარაჯოზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროკურატურის სიძლიერე, მისი მსახურება ადამინის უფლებებისთვის, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საუბარი არის თუ არა ამ ქვეყანაში სამართალი. ჩვენ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით, ამ იდეით მოვედით და ეს არის ჩემთვის, ერთი ადამიანისთვის ამ პარლამენტში ყოფნის მთავარი საზრისი – ვემსახუროთ ადამინის უფლებებს და პასუხი გაეცეს წარსულში ჩადენილ ყველა დანაშაულს – ეს არ დამთავრდება, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და წარმატებები უსურვა მომავალ მთავარ პროკურორს.

ემზარ კვიციამა,  „საქართველოს პატრიოტების“ სახელით შალვა თადუმაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც სწორედ იმ მძიმე წლებში – “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს იცავდა ადამიანის უფლებებს, საქმიანობას სამართლიანობის აღდგენით დაიწყებს.

თავიანთ გამოსვლებში შალვა თადუმაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს საპარლამენტო უმრავლესობასში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმა.

მსგავსი თემები