პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია დაამტკიცა

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა და დაამტკიცა  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, კანონპროექტში ცვლილება შევიდა. კერძოდ, „განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ შეიცვლება სახელწოდებით – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“.

ასევე, სახელწოდება – „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ სახელწოდება შეიცვლება სახელწოდებით – „ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

აღნიშნულ უკანასკნელ ცვლილებას  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვდა.

დეპუტატებმა წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი თანმდევი 115 კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით, 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს. ამის შემდეგ, საკანონმდებლო  პაკეტზე  მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. ასევე, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა თანმდევ კანონპროექტებში.

საკითხის ამოწურვის შემდეგ პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყარა. მათშორის პირველი მოსმენით განხილულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და კანონპროექტთა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი15 ივლისს განიხილავს.

 

მსგავსი თემები