პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. აღნიშნულ ცვლილებებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, რომლის მიზანია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას. ცვლილებების შემუშავებასთან დაკავშირებით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო იმ რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელთა გათვალისწინებაც არჩევნების დღეს აუცილებელი იქნება.

„ჩვენ ამ კვირაში დავიწყებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვას დავიწყებთ სამშაბათს. შემდგომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა გამოვიდეს ოთხშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე და 2 ივლისს, წესით, უკვე მიღებული უნდა გვქონდეს ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომლებიც ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, რომლის მიზანია, საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაჯანსაღდეს, კიდევ უფრო გამჭირვალე გახდეს, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს საარჩევნო მიმართულებით მთელი რიგი საკითხები. ამ საკითხებში, იცით, რომ ჩართული იყო თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო, ამ სფეროში მომუშავე შესაბამისი ორგანიზაციები, პრაქტიკულად სრული კონსენსუსია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც გულისხმობს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო დახვეწას. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ის ფარგლებში საარჩევნო პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს ჩვენი მხრიდან კონკრეტული გეგმის შემუშავებას, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები