პარლამენტმა „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი“ პირველი მოსმენით განიხილა

 

კანონპროექტი „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის“ შესახებ პარლამენტის პლენარულმა სხდომამ პირველი მოსმენით დღეს განიხილა/ კანონპროექტი დეპუტატებს მისმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა და ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ პრობლემებზე პრეზენტაციაც გამართა.

 როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისთვის – საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.  აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით ხოლო   სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით იზრდება,  საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით, 28%-ით  მცირდება,  რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლებით კი კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი ირღვევა.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა,  კანონპროექტის შემუშავების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროებაა. ინიციატივის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია და სხვა ხელშემწყობი პროგრამები.

რა სარგებელი ექნებათ  სტატუსის მატარებლებს

დიმიტრი ხუნდაძე: „კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს,  რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება  მშობელს ასაკის შეუზღუდავად. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება  მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე- დამატებით 10-10 ლარს.“

დეპუტატის ინფორმაციით, 2014  წლის აღწერით, საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

სულ საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ  ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20 ლარიანი  შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში  2235840 ლარია;  5  ბავშვიანი ოჯახები კი 2190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788400 ლარს შეადგენს; 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი სულ 583-ის, ისინი თვეში 40 ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია; ხოლო 7 და მეტ შვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე  თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3489000 ლარია.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს.

„შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა.   თებერვლის მონაცემებით კი ბაზაში რეგისტრირებულია 7525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8% აქვს 300 000 და ნაკლები ქულა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს  მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა მიიღებს. შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, აღნიშნული შეღავათი გათვალისწინებული არ იქნება“, – აღნიშნა დეპუტატმა..

 როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა,  მიუხედავად დემოგრაფიული კრიზისისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუ პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგიც დადებითი იქნება.

„თუ დემოგრაფიულ ვითარებას რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ,  აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, სომხეთის – 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით მცირდება, რაც სერიოზული დისბალანსია და შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილებების საფუძველიც გახდეს. ხანდაზმულთა რაოდენობა კი, მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება.  აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით , მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს – 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს – 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე- 16-ე ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე.  ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველო იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით,  თუმცა, ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“.

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს დემოგრაფიულ  რისკებიც გააცნო,  რაც შეეხება რისკის ჩამონათვალს, შემდეგია: 90-იანი წლების პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა; შიდა და გარე მიგრაცია; შობადობის დაბალი მაჩვენებელი; პატიმართა რიცხვის მატება, აბორტები და ნარკოვითარება.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დეპუტატი ფიქრობს, რომ უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული და ეფექტური ნარკოპოლიტიკა – არ  დავიჭიროთ; არ გავზარდოთ ნარკომომხმარებელთა რიცხვი  და არ დავაზარალოთ საზოგადოება!

დეპუტატმა იმ კონკრეტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გატარდა.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ამ  სტატუსის მქონეთა დახმარება, მხოლოდ  ელექტროენერგიის სუბსიდირებით არ შემოიფარგლება. ისინი სხვადასხა მიმართულების – სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთვებიან. კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

მსგავსი კანონი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოში კი აღნიშნული კანონი 12 წლის უკან გაუქმდა.

 

მსგავსი თემები