პარლამენტი დროებით მთავრობას ფორმალურად დაამტკიცებს  

დროებით, საქართველოს ფორმალური მთავრობა ეყოლება. რადგანაც სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონში ცვლილებები სჭირდება, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს ფორმალური მთავრობას დაამტკიცებენ.

რეალური მინისტრთა კაბინეტი კი 2-3 კვირაში დამტკიცდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით სამთავრობო ცვლილებებს რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„ხვალიდან ვიწყებთ  მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურებს.  მთავრობა ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.  ეს იქნება პირველი ეტაპი.  რადგანაც 1 კვირის ვადაში ვერ მოესწრებოდა მთავრობის სტრუქტურული ცვლილება, 2-3 კვირის ვადაში შემუშავებული იქნება ცვლილებები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. იგეგმება მცირე ზომის მთავრობის სტრუქტურირება. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი“ – აცხადებს ეკა ბესელია.

ფორმალური მთავრობის წევრებს საპარლამენტო კომიტეტებში ფორმალურად ხვალვე მოუსმენენ. მას შემდეგ რაც კანონმდებლობაში ცვლილებები შევა და 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, პარლამენტს ხელმეორედ მოუწევს ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, რომლის შემადგენლობაში ახალი სახეებიც იქნებიან.

მსგავსი თემები