პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 50 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის მერიამ, პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარია.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებული შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მიწისქვეშ მდებარეობს, დაზიანებულია. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს წყალი სისტემიდან ჟონავს, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს სატუმბ სადგურს. საჭიროა საპროექტო ტერიტორიის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ან სხვა კვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ჩაჟონვით ნაგებობის დაზიანება.

“მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, საპროექტო ტერიტორიაზე სრულყოფილი საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი სამუშაოების (ჰიდროიზოლაციის, ან/და სანიაღვრე, ან/და სადრენაჟე ქსელის, ან/და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწყობის) საპროექტო‐სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას,” – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ბოლო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა.

მსგავსი თემები