პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული აქცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტის წინ, სასულიერო პირები, სტუდენტები, ორგანიზაცია “ქართული მარში”, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. როგორც ლევან ვასაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ცდილობენ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ.

“ჩვენს საქართველოს დაუპირისპირდა ბოროტი ძალები და ცდილობენ ფიზიკურად და სულიერად გაანადგურონ. ასეთი წინააღმდეგობა, ალბათ არცერთ ქვეყანას არ შეხვედრია, როგორც შეხვდა საქართველოს. “გეი პარადის” ჩატარება ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც შეძლებენ ამას. ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენი რწმენა, ჩვენი მართლმადიდებლობა. მე მინდა ყველას მივმართო ვინც ეშმაკის მანქანებით, სხვა გზაზეა დამდგარი და ცდილობს დაუპირისპირდეს ჯანსაღ ძალას. მინდა მათ მოვუწოდო, ერთად ვიყოთ. მიუხედავად სხვადასხვა აზრისა, ზნეობა, სარწმუნეობა, ჩვენ გვაქვს ერთი და ამას უნდა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ. ჩვენ გვინდა საქართველოში იყოს მშვიდობა. არ ისვენებს ბოროტი ძალა და პარტიებს იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოში დაპირისპირება. თუ არა, აბა რას ნიშნავს ეს მარაზმატული შეკრებები, რაც პარლამენტის წინ ხდება რამოდნეიმ დღეა,” – განაცხადა ლევან ვასაძემ.

დეკანოზ დავით ისაკაძემ, აქციაზე ხალხს მშვიდობისკენ მოუწოდა.

“ყველას მივართავ, ვინც ეშმაკის მანქანებით სხვა გზაზეა დამდგარი და უპირისპირდება ჯანმრთელ, ჯანსაღ ძალას. ძმებო და დებო, ერთად ვიყოთ, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ზნეობა და სარწმუნოება გვაქვს ერთი. გვინდა საქართველოში იყოს მშვიდობა. არ ისვენებს ბოროტი ძალა. რას ნიშნავს ეს მარაზმატული შეკრებები, რომელიც პარლამენტის წინ იმართება? თუ ეროვნულობა და ქართულობა უნდოდათ, რატომ გარბოდნენ ეს ლიდერები, როცა გმირები იხოცებოდნენ სამაჩაბლოში. მათ უფლება არ აქვთ აქ დადგნენ,” – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

აქცია პარლამენტის შენობის წინ გრძელდება.





მსგავსი თემები