პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, 5 საათის განმავლობაში შახტაში იმყოფებოდა  

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 300 მეტრ სიღრმეზე მეშახტეებთან ერთად 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. დეპუტატი ყველა საწარმოო პროცესს დაესწრო და ის გზა გაიარა, რასაც შახტაში დასაქმებულები ყოველდღიურად გადიან. დაესწრო აფეთქების 2 პროცესს. სრულად ნახა, როგორ მოიპოვება ქვანახშირი და როგორ ამოაქვთ ის მიწის ზედაპირზე.

როგორც დეპუტატმა შახტიდან ამოსვლის შემდეგ განაცხადა, ყველაზე მთავარი საზრუნავი იმ ადამიანების სიცოცხლის დაცვა და უსაფრთხო პირობებია.

„გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ მეშახტეებს, რომლებიც საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობენ. გარდა იმისა, რომ ეს მაღალი რისკის პროფესიაა, ისინი ნამდვილად უშიშარი ადამიანები არიან, არსებულ ყველა რისკფაქტორთან ერთად, შიშიც გარკვეულ რისკფაქტორს მატებს“, – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატი ადეკვატური უსაფრთხოების ნორმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ საკანონმდებლო აქტიურობა საკმარისი არ იქნება. უსაფრთხოების ნორმები ადეკვატური უნდა იყოს. შესამუშავებელია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომ შრომითი უსაფრთხოება უფრო მაღალი სტანდარტებით იყოს დაცული.

დეპუტატის აზრით, საჭიროა ჯანდაცვის პაკეტის გაფართოება, სპეციალური სოციალური პროგრამების შემუშავება და ამ ტიპის მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებისთვის საპენსიო ასაკის დაწევა.
“მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები საკმარისი არ იქნება. მთავარია, შრომითი უსაფრთხოებისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა“, – მიაჩნია დიმიტრი ხუნდაძეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ტექნიკა მოძველებულია და შახტაში ახალი ტექნიკა არ უნახავს. მან წარმოების უფროსს მადლობა გადაუხადა, რომ ყველა საინტერესო ადგილი გაუხსნეს და შესაძლებლობა მისცეს, გაეცნოთ, რა პირობებია შახტაში.

 

მსგავსი თემები