პარიკერიბის დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. 

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა.

„პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. პარლამენტს დასამუშავებლად კანონპროექტი წარვუდგინეთ. მივმართეთ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მხარდაჭერა და ჯარიმის ოდენობა გაგვეზარდა. გუშინ უკვე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ჯარიმა ორმოცდაათ ლარამდე გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პარკირების წესებს სიფრთხილით მოეკიდონ, რათა არ დაჯარიმდნენ. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც: “აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის sms შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“

მსგავსი თემები