პარაპლაინინგის სფეროში არანაირი განაწესი და რეგულაციები არ არსებობს – ლევან ზაუტაშვილი

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში არ არსებობს პარაპლაინინგში ფრენის ნორმების არანაირი განაწესი და რეგულაციები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პირველადი ვალდებულებაა შექმნას ეს ნორმები, შეიმუშაოს უსაფრთხოების სტანდარტები და ჩარჩოებში მოაქციოს ეს გაფრენები. ​

​როგორც ლევან ზაუტაშვილმა მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, რეგულაციების შემუშავება მოაგვარებს, როგორც არაპროფესიონალიზმის, ასევე კომერციული გაფრენების  პრობლემას.

​გუბერნატორის თქმით, პარაპლანინგში ფრენის ნორმები არ აქვთ საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც, მათ შორის უკრაინას, რუსეთს, ბელორუსს. ამ სფეროში კონსულტაციებისთვის ქართული მხარე მოიწვევს იმ ქვეყნის სპეციალიტებს, სადაც სპორტის ეს სახეობა განვითარებულია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა თურქეთი.

“ამ საკითხზე მუშაობა არ დაწყებულა 9 ივნისის ინციდენტიდან გამომდინარე. მანამდე რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის სამინისტროებში, ასევე, შევხვდით საჰაერო ნავიგაციის სფეროს სპეციალისტებს. ხუთშაბათს გვექნება შეხვედრა კულტურისა და სპორტის მინისტრთან და უკვე გვეცოდინება რა მიმართულებით წავალთ. მთელს ამ პროცესში უცხოელი ექსპერტები ყველა დონეზე იქნებიან ჩართულები, იქნება ეს კონსულტაციები თუ ჩვენი მფრინავების სელტიფიცირება“, – აცხადებს გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ხანებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძალიან აქტიურად ვითარდება პარაპლანინგი, იმატა ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა რეგულაციებზე.
​ლევან ზაუტაშვილის თქმით, მაისის პერიოდში რეგიონში ტურისტების ისეთივე აქტივობა იყო, რაც შარშან ივლისი – აგვისტოს პერიდოში.

მსგავსი თემები