პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურა გადაწყვეტილებას 2 თვეში მიიღებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხულია არაერთი პირი.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური,ტრასოლოგიური) ექსპერტიზები“ – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოკითხულია სუს-ის თანამშრომლებიც, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: „გამოძიებამ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მომოქმედებაში მონაწილე ყველა პირი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები). გარდა ამისა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით, მათი და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამასთანავე, გამოძიების ყველა ეტაპზე, საგამოძიებო ორგანოსა და აღნიშნულ პირებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კომუნიკაცია. ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები არაერთხელ გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა“ – განუცხადეს პროკურატურაში „მედიაცენტრ მთავარს“.

მათივე ინფორმაციით. ამჟამად, მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

მსგავსი თემები