“პაატა იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გამახსენა, როცა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია” – მეუფე გრიგოლი

ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

მეუფე პაატა იმნაძის განცხადებებს გამოეხმაურა და მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხე შეახსენა.

„მიჭირს პასუხის თქმა, თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს. რაც მოყვა ამას, ეს ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის – საფრთხე რეალურია, თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რათქმა უნდა, ადრესატი არის თოთოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად წავუვალთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები