“ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს, წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება” – დავით ქაცარავა

“წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება. ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს და საოკუპაციო ხაზის მიმართულება სოფელ ყობის და დოლომიტის საბადოსკენ მიმართეს, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აბანოში მდებარეობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

ქაცარავას ინფორმაციით, მესამე დღეა, ოკუპანტებმა ეს მიმართულება გააქტიურეს. მისი თქმით, ხელისუფლება კვლავ დუმს და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას”  წევრებისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას აგრძელებს.

“კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე გადასცა ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტებს, ის სიმაღლე და ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა, მაგრამ იკარგება იმ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რომელიც დაგვპირდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.

მოვიგებთ ომს მშვიდობით? არ მგონია. დათვისთვის არც ბაბაიას ძახილი შველის და მორჩილად ჯარის დაშლა. ჯარისკაცების ჯარიდან გაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარისკაცი საოკუპაციო ხაზთან მივიდა მშვიდობიანი აქტივისტების გასამხნევებლად, დადებითად არ იმოქმედებს ჯარის მორალურ მდგომარეობაზე.

წაღვლი-ჩორჩანის ტყის რუსებისთვის გადაცემაზე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვყვირით, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანის, 2 ტელევიზიისა და ერთი-ორი რადიოსადგურის გარდა თითქმის არავინ რეაგირებს. ხელისუფლება მედგრად სდუმს და ფეხზე იკიდებს ამ კრიტიკას, მთავარია, რუსებს არ აღიზიანებს და კრემლის დავალებას პირნათლად ასრულებს. გინდათ მშვიდობა? ემზადეთ ომისთვის”, – წერს “ძალა ერთობაშიას” ლიდერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები