ოჯახური ბიზნესი სასამართლოში – ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძის ღია დაპირისპირება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას დღეს ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ეკა ბესელიას განცხადებით, მდინარაძეს ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში.

„სუბიექტური, ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში, დაწყებული სააკაშვილის დროიდან დღემდე. სააკაშვილის დროიდან გქონდა დალაგებული იქ ურთიერთობები და ახლა შენ, როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე“, – მიმართა მდინარაძეს ეკა ბესელიამ.

ამის პასუხად მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს. 

„რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას? სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ და რომ აღელდებით, ე.ი. ცოტა გტკივათ ეს სიმართლე. რაც არ მოგეწონებათ, სიტყვა შემაწყვეტინეთ“, – მიმართა ბესელიას მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები