ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებული საპატრიარქოს კვირეული დღეს დასრულდება – 17 მაისს ჯვარს 400 წყვილი დაიწერს

 

 

17 მაისი  – ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღე საქართველოში, უკვე მეხუთედ აღინიშნება. საპატრიარქომ ამ დღესთან დაკავშირებული კვირეული 10 მაისს დაიწყო, რომელიც დღეს დაგეგმილი ღონისძიებებით დასრულდება. სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესობა  შეკრებილ მოსახლეობას დალოცავს, ამაღლების დღესასწაულს  მიულოცავს და აკურთხებს სრულიად საქართველოს.

დღესვე გაიმართება საყოველთაო ჯვრისწერა.  ჯვარს 400-მდე წყვილი დაიწერს.

როგორც „მთავარს“ საპატრიარქოდან აცნობეს, წელს 17 მაისს, ამაღლების დღესასწაული დაემთხვა, ამ    თვალსაზრისით,  სხვადასხვა ეკლესიებში წირვის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 11:30 საათისათვის  მოსახლეობა „ვარდების მოედანზე“ შეიკრიბება, იქ დახვდებიან ისინი სვეტიცხოვლიდან მობრძანებულ ხატებს და 12:00 საათზე რუსთაველის გამზირის გავლით, გაემართებიან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ. ქაშვეთთან დაილოცება 300-მდე ოჯახიც, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ.

ქაშვეთთან შეკრებილნი მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან, შემდეგ მოხდება პარაკლისის გადახდა.  ბოლოს, ყველანი ერთად სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრებიან, სადაც მათ კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

„12 მაისს საქართველოს ეკლესიაც და სახელმწიფოც აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლას ზეიმობს. ორი დღით ადრე, 10 მაისს, ტრადიციულად ხდება აწყურის ღვთისმშობლის ხატით საქართველო თურქეთის საზღვრის გადმოკვეთა და შემდეგ მსვლელობა თბილისისკენ, კერძოდ 11 მაისს ხატი დაბრძანდება ბათუმში; 12 მაისს საზეიმო წირვა ტარდება ხულოში, სადაც I ს-ში დამკვიდრდა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი, 13 მაისს საზეიმო წირვა აღევლინება ახალციხის რაიონში, აწყურის ტაძარში, სადაც იმთავითვე ყოვლადწმინდა მარიამის ნებით ბინა დაიდო ამ სასწაულთმოქმედმა ხატმა. 14, 15, 16 მაისს კი მსვლელობის შეჩერების ადგილებია: ბორჯომი, ხაშური, გორი, სვეტიცხოველი. 17 მაისს ხატი შემობრძანდება თბილისში. ასე რომ, მთლიანი ციკლი მოიცავს ერთ კვირას“ – აცხადებენ საპატრიარქოში.

 

 

მსგავსი თემები