“ოჯახების შეფასების მეტი გამჭვირვალობისთვის, სოციალური აგენტები სამხრე კამერებით იმუშავებენ” – ჯანდაცვის მინისტრი

“ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრმა მოკლედ განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებული პროცედურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას სჭირდება საშუალოდ 20 დღე. შესწავლიდან ერთ თვეში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლა. ხოლო ახალი ქულის მინიჭების შემდეგ საშუალოდ 20 დღეში ხორციელდება დახმარების განახლება. მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმების პერიოდში ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს.

ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები