სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, “ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ამას ვერ იაზრებს – ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალდებულება, შეასრულოს ყველაზე მინიმუმი, რასაც სახელმწიფოში ცხოვრება ჰქვია – ხმა მისცეს ღირსეულს.

ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან სატელევიზიო ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ​სალომე ზურაბიშვილის შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაქსიმალურად მობილიზებულები იქნებიან, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია და ქართულ პოლიტიკაში, მის მსგავსად, თავისით შემდგარ და ჩამოყალიბებულ ქალბატონ პოლიტიკოსს ორსაც ვერ დაასახელებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია, თუმცა ამას “ქართული ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ვერ იაზრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზურაბიშვილი არ არის მმართველი პარტიის წევრი.

“ეს ქალბატონი არის ძალიან ღირსეული. მას აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია. შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი. ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ყველა განაწყენება ძველი გადადეთ გვერდზე და ძალიან გთხოვდით, მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომეს”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და დასძენს, რომ არჩევნები არ გაყალბდება.

მისივე თქმით, გაყალბება დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ასევე, მიმართა პარტიის წევრებს და მოუწოდა მათ, ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ. იგი აღიარებს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით თავიდან მმართველ პარტიაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა “აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„რადგან პარტიის თავმჯდომარე ვარ და საპრეზიდენტო არჩევნებია, აქტიური უნდა ვყოფილიყავი. დავარწმუნე თანაგუნდელები და იდეა ჩემი იყო, რომ არ წამოგვეყენებინა საკუთარი კანდიდატი. „ქართულ ოცნებას“ ისედაც ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჰყავს ხელისუფლებაში, უპარტიო კანდიდატი კი უკეთესი იქნება ინსტიტუტების განვითარებისთვის”, – განაცხადა ტელეინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები