„ოქროს ფასი აქვს ყველა იმ ნარჩენს, რაც ნაგავსაყრელზე იყრება“ – ხათუნა ახალაია ნაგვის ბიზნესზე (ვიდეო)

გარემოს დაცვის ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნარჩენების მართვის თემაზე ისაუბრა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ნაგავსაყრელზე გადაყრილ ნაგავს დღეს ოქროს ფასი აქვს და ეს ბიზნესი მსოფლიოს კარგად აქვს აწყობილ, თუმცა, ჩვენთან, საკითხის დაძვრა ვერ მოხერხდა.

„მაგალითად, შვეიცარიას ნარჩენი არ აქვს და მზადაა, იყიდოს ის. გამოდის, რომ იმდენად მაქსიმალური გადამუშავება ხდება თითოეული ფრაქციისა,  რომ აღარ დარჩა ქვეყანაში რესურსი იმისა, რომ გადამამუშავებელმა ქარხნებმა იმუშაონ. ნაგვის გადამუშავება მნიშვნელოვანი თემაა, ერთი იმიტომ, რომ გარემოს დაცვის კუთხით, ბუნებრივი რესურსები იზოგება; გამოყენებულია მეორადი ნარჩენი იმისთვის, რომ აწარმოონ გარკვეული სახის  პროდუქცია  და შესაბამისად, ნაგავსაყრელსაც ნაკლები ტერიტორია სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ დახარისხებული ფრაქციები, რომლებიც გადამუშავებას ექვემდებარება, ოქროს ფასი აქვს, თუმცა, ჩვენთან, ნაგავსაყრელზე მიდის“ – განაცხადა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაცით, დღეს, საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი ბიზნესი მხოლოდ სამი მიმართულებით მუშაობს, არადა, ბიზნესის აწყობა სხვა მიმართულების ნარჩენებზეც შეიძლება.

„ჩვენთან, ნარჩენების გადამუშავების საკითხი დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა ნაგავსაყრელები გადაივსო და გაჩნდა კითხვა, სად წაეღოთ ნაგავი. ინფორმაცია მოიძიეს სხვა ქვეყნებში და ნახეს, რომ იქ ნარჩენებს ამუშავებდნენ და ახალ პროდუქციას ქმნიდნენ. დღეს, ბაზარზე  ძირითადად გვყავს 3 კარგად აღჭურვილი გადამამუშავებელი. ეს არის ქაღალდის, შუშის და „პლასტმასის“ ბოთლების გადამამუშავებელი საწარმო. არის ასევე ალუმინის ქილების გადამამუშავებელი, მაგრამ ის უფრო ფერადი ლითონის შემგროვებელი საწყობებია ჯერჯერობთ“ – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

ერთ-ერთი პრობლემა, რაც ხათუნა ახალაიამ ნარჩენების მართვის კუთხით დაასახელა, ნარჩენის წარმოქმნიდან გადამამუშავებელ კომპანიამდე მისი სწორი ტრანსპორტირებაა.    

„ყველაზე დიდი პრობლემაა დახარისხებული ნარჩენი. საწარმოები ელოდებიან უკვე დახარისხებულ ნარჩენს და მათ აქვთ სურვილი, რომ გადაამუშავონ, მაგრამ ნარჩენების გენერირების, წარმოშობის ადგილიდან მათ საწარმომდე მიმტანი ლოჯისტიკა არ არის აწყობილი. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ იცის, რომ ბიუჯეტის უფრო დიდი ნაწილი იხარჯება ცნობიერების ამაღლებასა და ამ ლოჯისტიკისთვის“ – განაცხადა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები