ოქროს ორდენი პროთეზისთვის, ლენინის თავი – ქალს: ერთი თბილისური ეზოს ამბავი

ინტერნეტმომხმარებელი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისის პეკინის ქუჩაზე მდებარე, ქალაქური ტიპის ეზოსთან დაკავშირებულ, თავის, ბავშვობის დროინდელ მოგონებაზე წერს.

“ერთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან: ისევ ჩემი ეზო. პეკინის ქუჩა N 33.
ვარ 10 წლის. 1982 წელი. ზაფხული. რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს. შეთანხმებული ვარ ბებიასთან და დაბადების დღეზე ველოსიპედი “დესნა – 2″ უნდა მიყიდოს. 72 მანეთი ღირს. ეს არ არის ისეთი მცირე საფასურის, კბილის ამოღებისას ექიმისთვის პირის გაღების სანაცვლოდ დასათრევი. ამაში, მაქსიმუმ, კორეული მარკების სერია მომივა. ველოსიპედს კი 8 კბილის ამოღება სჭირდება. ამდენი ამოსაღები კბილი (მორყეულ, უფესვო კბილებზეა საუბარი) სულ არ მაქვს. ეს ყიდვა მთელი წლის კარგად სწავლას, ეზოდან დაძახებისთანავე ამოსვლას და ბორშის ჭამას გულისხმობს. აგრეთვე, ბებიის დახმარებას კატლეტის ხორცის გატარებაში განუსაზღვრელი რაოდენობით.

ეზოში ჩავედი და უნდა გავიპარო ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე მაღაზია “სტარტში”, მაზუთიან ველოსიპედს კიდევ ერთხელ რომ შევხედო. რა ხდება ეზოში ამ დროს: იქ ნარდის თამაშია გაქანებული… ჩემი მეზობელი, ცნობილი მწერალი და ყოფილი ემიგრანტი, ოთარ ჩიჯავაძე ეთამაშება 32- ე პარტია ნარდს ასევე მეზობელს – პროთეზების ხელოსან შარიქაძეს. ამ დროს შარიქაძესთან მოდის მკერდსავსე ქალი და სთხოვს მიიღოს მისგან პროთეზისთვის მასალად,  არც მეტი, არც ნაკლები – ლენინის ორდენი.

შარიქაძემ უარი უთხრა. ქალი განცვიფრებულია. ბატონი ოთარი, 70 წლისა, თვალმოჭუტული უყურებს ამ ქალს და მერე ულვაშზე ხელის მოსმით ეუბნება შარიქაძეს, – მიიღე, ნუ ახურებო.

შარიქაძემ, – შარიაო. რომ მიჩივლოს ან გააბაზროს, პრობლემები მექნებაო. თვითონ დაჩეჩქვოს და მივიღებო.

ქალი ბრაზდება. ბატონი ოთარი იღებს ორდენს, იღებს ქვას, შედის სადარბაზოში და რამდენიმე წუთში ლავაშივით გაბრტყელებული ორდენი გამოაქვს, ლენინის მიკრო თავი მეორე ხელში უჭირავს. შარიქაძე იბარებს ორდენს. ლენინის მიკრო თავი ქალს უბრუნდება. თამაში გრძელდება.

​ახლა ჩვენი ეზოს კოლორიტული გიჟი ნინა გურგენიძე მიდის მონარდეებთან და წერილზე ხელის მოწერას სთხოვს. წერილი მაშინდელი ქალაქის საბჭოს სახელზეა დაწერილი და წერია, რომ ქალაქ თბილისის პეკინის ქუჩა N 33-35 -ის მცხოვრებლები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ დღემდე ცეკავშირის მაღაზიებში იყიდება სოსისი, სახელით “ივერია”. რომ სოსისს ასეთი სახელი არ უნდა ერქვას და თუ მაინცა და მაინც, ერქვას არა ივერია, არამედ “როდინა”. ამაზე მთელ ეზოს მცხოვრებლებს მოუწერიათ ხელი. ამათაც ორივემ მოუწერეს.

იმ დღიდან ერთ კვირაში, ეზოში “ვოლგა” შემოვარდა და იქიდან კოსტიუმებში ჩაცმული 2 ტიპი,  ბატონი ოთარისკენ დაიძრა. ის წაიყვანეს. იმავე დღეს დაბრუნდა. დაბრუნებულს გიჟი ნინა შეეგება; ოთარისთვის კგბ-ში უთქვამთ, თქვენი ორგანიზებულიაო, ხოდა შენი გიჟი დედაცო, –  მიახალა ცხონებულმა ოთარმა გიჟ ნინას.

საქმე იმაში იყო, რომ ხელისმომწერთა სიაში ოთარ ჩიჯავაძეს ყველაზე ცუდი ბიოგრაფიული მონაცემები ჰქონდა. ის 1924 წლიდან საფრანგეთში იყო გაპარული. 1945 წელს დაბრუნდა. 1952 -ში გადაასახლეს. 1956 წლიდან დაბრუნდა. ახლაც კი ახსოვდათ, 1982 -ში.

ველოსიპედი არ მიყიდეს. რადგან ჩემს დაბადების დღეს შუადღისას მამას უნდა წავეყვანე “სტარტში” და გვეყიდა. დილას ვერ მოვითმინე, ჩავედი ეზოში და სხვის ველოსიპედზე დავჯექი. 20 წუთში თავპირი დავიმტვრიე. მორჩა, გადაწყდა, ველოსიპედი საზიანო იქნებოდა ჩემთვის. გადაწყვეტილება საბოლოო იყო და კასაციას არ ექვემდებარებოდა”, – წერს ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ფოტო: ლევან ყიფიანი

მსგავსი თემები