„ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“ – არჩილ თალაკვაძე

„მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს – ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების მხრიდან კეთდება, მიღებულია როგორც მეგობრების პოზიცია.

„თუ ვართ ის პოლიტიკოსები, ვისაც გვაინტერესებს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ, ამ გადმოსახედიდან უნდა ვიმსჯელოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს. ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, აქ არის ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად. ეს არის სწორედ ის, რაც მომავალში გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საზოგადოებას ბევრად მკაცრი კრიტიკაც ახსოვს საქართველოს მიმართ წინა ადმინისტრაციის პირობებში.

„ეს სამუშაო გრძელდება. მსოფლიოში არსად არსებობს სრულყოფილი პროკურატურა, სასამართლო სისტემა, სრულყოფილი ინსტიტუტები. ყველგან არის გაუმჯობესების რესურსი და ეს რესურსი არის საქართველოშიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები