“ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით” – მამუკა ხაზარაძე

„ზოგი ჭირი მარგებელია“, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ალბათ, საბედნიეროდ, დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში სტრუქტურები არ არსებობს, ხოლო ინსტიტუტები მოშლილია.

„ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და არ ვსაუბრობ როგორც „თიბისი ბანკის“ თავმჯდომარე ან ანაკლიის თავმჯდომარე, რადგანაც თავშეკავებული ვიყავი შეფასებებში. გამომდინარე იქედან, რომ ჩემს უკან ათი ათასი თანამშრომელი დგას, სტრუქტურა, დეპოზიტარები და ა.შ.

ყოველთვის ვცდილობდი, არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა, რის თქმასაც ვაპირებდი. მნიშვნელოვანია, რომ ემოციურ განცხადებაზე შენი პოზიციის გამო, ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო. დღეს დავინახე სრული ჭაობი, კარგია, რომ ჩემს თავზე დავინახე. დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან. ერთ-ერთი გოგონა, პროკურორი, რომელსაც შეუძლია ხუთწუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას, მილიარდი ლარით ზარალი მიაყენოს და ამაზე არანაირ სირცხვილის გრძნობას და პასუხს არ სთხოვს, ეს არის კატასტროფა. ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, სტრუქტურები არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გეგმაზეც ისაუბრა.

„მიხარია ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე ორგანიზაციის დაფუძნებაზე, საზოგადოებრივი მოძრაობის, რომელიც ძალიან აქტიური და დიდი იქნება. მის გეგმებს მალე გაიგებთ. იქნება ახალი თაობა და პროფესიონალი ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და არ უნდა რუსული ორიენტაცია.

დღეს პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე, ეს ერთი პირი იცით, ვინც არის. ეს არის დირიჟორი, რომელსაც ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. პიროვნულად მათგან განსხვავებით, მე არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, ამ ბრძოლას გავაგრძელებ მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალება ჰქონდეთ, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები – კანონმორჩილები.

გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ესენი სახლში წავლენ. ყველა გონს მოეგოს, ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ გირაო დამადეს. თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და გამაჩერეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი. მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად ორი უკიდურესობა, ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით.

მსგავსი თემები