ორგანული პროდუქციის წარმოებლები, სამომავლოდ, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან

„საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთაპროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „ხარისხის ნიშნის“ მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.

„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

„დღეს, ჩვენი მოსახლეობის ფაქტობრივად 40 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, თუმცა, მთლიან შიდა პროდუქტში, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მხოლოდ 9 პროცენტია. სწორედ ეს არის სიღარიბის წყარო. ვფიქრობთ, ორგანული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი სწორი გზა, ისეთი გზა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უახლოეს მომავალში მიიღოს კონკრეტული შედეგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები