„ოპონენტების გასაგონად ვამბობ, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ“- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსთან დაკავშირებით მომზადება ჯერ კიდევ 10 წლის წინ რომ დაეწყო, ინფიცირებას თავიდან ვერ აიცილებდა, რადგან სამივე პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდათ, საზღვარგარეთ დაინფიცირდა.

„ჩინეთში შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ძალიან სახიფათოდ იმატებს დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში. იცით, რომ ერთ დღეში გაორმაგდა იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა. აშშ-ში, ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, უკვე რამდენიმე ათეულია დაინფიცირებული და 6 პაციენტი მოუკვდათ. ამ ფონზე, ჩვენთან სულ 3 პაციენტია და რაც ყველაზე მთავარია, სამივე მათგანი დაინფიცირდა უცხოეთში და მოყვანილია უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ. ორი საერთოდ, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრიდან მოხსნეს ისე, რომ საქართველოში ვინმესთან კონტაქტის საშუალებაც არ ჰქონიათ. ერთი ქალბატონი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, იმ დღესვე მოვიდა, როგორც კი იგრძნო მცირე ხველა, ყელის ტკივილი. ქვეყნების უმეტესობაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემა, როდესაც დაინციფირება ხდება ქვეყანაში არსებული ინფიცირებული პირიდან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული საფრთხე ქვეყანს ექმნება. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენთან ეს არ არის. ამას დიდად შეუწყო ხელი იმან, რომ სამივე ადამიანი პრაქტიკულად საზღვრიდან მოიყვანეს.

ჩვენი ოპონენტები რომ გვსაყვედურობენ, დროულად არ იყოო ზომები მიღებული, თორემ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდაო და რაღაც რეკომენდაციებს იძლევიან, სამწუხაროდ, ხშირად ისინი ისეთი ადამიანები არიან, ვისაც არავითარი გამოცდილება არ აქვთ ამ საქმეში და მსგავსი ეპიდემიიის დროს ასეთი პაციენტები თვალითაც არ უნახავთ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 10-ჯერ მეტი ინტენსივობით, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ და რაც არ უნდა მზად იყო, თუ ვინმე ირანში დაინფიცირდება ან იტალიაში, ის შენი მოქალაქეა“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები