“ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან” – ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები დემაგოგიით გამოირჩევიან და რეალურად არ მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ჰქვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქართველოს პარლამენტის მონიტორინგი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. სიმბოლურია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ისინი მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, დემაგოგიით გამოირჩევიან და რეალურად არ მონაწილეობენ იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ჰქვია სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოს პარლამენტის მონიტორინგი.  ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი საქართველოს პარლამენტის ხელში, განახორციელოს მონიტორინგი და მიიღონ მონაწილეობა კომიტეტების სხდომებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები