ოპოზიცია ხვალიდან იწყებს, იწყებს ფართომასშტაბიანს და უსასრულოს

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა.

„ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომელიც არც ერთი დღე არ შეწყდება” – ასეთია ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გზავნილი.

როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ოპოზიცია მოითხოვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უმოკლეს ვადებში დაინიშნოს, საარჩევნო ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალოს და არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარდეს.

„ხვალიდან უკვე ვიწყებთ აქციებს. აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე. ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება, ამას ჩვენ მხარდამჭერებს შევატყობინებთ დღეს საღამოს. ხვალ ჩვენ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ, გუშინ, სოფელ ველისცხესთან მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინ ველისციხეში პოლიცია უკანონოდ მოიქცა: „მოპარული, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვის უფლება, შეკრების თავისუფლება. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას განცხადებებს ჯერ იმაზე, რომ ყვარელზე, ვითომ, გზა გახსნილი იყო, რაც აბსოლუტურად ტყუილია. არავითარი ავტობუსები ხელისუფლებას არ ჰყავდა მოყვანილი და ეს უტიფარი სიცრუეა”.

ამ ეტაპისთვის, ოპოზიციის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობის წინ ათამდე კარავი აქვთ გაშლილი.

მსგავსი თემები