ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

ვადამდელი არჩევნების გარდა, „გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებას სხვა მოთხოვნებსაც უყენებს და პასუხისთვის 2 კვირიან ვადას აძლევს. ვადამდელი არჩევნების პარალელურად, ძირითადი მოთხოვნა სამუშაო ჯგუფის შექმნა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შედეგები სამართლებრივი, თუმცა, მძიმე იქნება. ასეთია ოპოზიციის გზავნილი მმართველი გუნდის მიმართ.

„ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი – დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან! ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ბატონო, ეგრეთ წოდებულო ხელისუფლებავ, ნუ ატეხავთ ვაი – ვიშს და ელჩების გამოგზავნას ნუ დაიწყებთ ჩემთან. არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავალთ, არც სამართლის ფარგლებიდან გავალთ, არც კანონს დავარღვევთ და არც თქვენთან მუშტი-კრივში ჩავერთვებით. იმდენი განათლება, ჭკუა და გამოცდილება გვაქვს, რომ სამართლებრივად დაგამარცხოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აღნიშნული მოთხოვნების გარდა, გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. „ჩვენი პროტესტი იქნება უწყვეტი, ვიდრე ხელისუფლება ხალხის ხმას არ გაიგებს“, – დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით იურისტები სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებენ.

 

მსგავსი თემები