“ოპოზიციას, არც პროპორციულში, შერეულში და გერმანულში შანსი არ აქვს წინ წასვლის” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღევანდელ მდგომარეობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, შერეული საარჩევნო სისტემა ყველაზე მისაღებია. 

დეპუტატის თქმით, პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ბევრ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა და შედეგად კრიზისი მოუტანა. 

„ბოლო პერიოდში ევროპაში, ასევე ისრაელში განვითარებული მოვლენები პროპორციული არჩევნების გამო, თვეობით უმთავრობოდ დარჩენილი ევროპული ქვეყნები, დადასტურებაა იმისა, რომ კრიზისი გარდუვალია ასეთი პარტნიორების, ოპოზიცია მყავს მხედველობაში, პირობებში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, არარეალურია ოპოზიციის მოთხოვნა გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას და ის დიდ “აფიორას” ემსახურება. 

„ამ თემას ავითარებდნენ იმისთვის, რომ არც პროპორციულში, არც შერეულში, არც გერმანულში თუ ავსტრალიურში, არანაირი შანსი არა აქვთ წინ წასვლის. სწორედაც მათ გაანალიზეს სიტუაცია და ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკი ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციას მოუწოდებს დიალოგისაკენ, როგორც ამას ურჩევენ უცხოელი მეგობრებიც, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც არის ეუთო/ოდირის (OშჩE/ODIHღ) შენიშვნები. მისივე თქმით, შექმნილია კომისიაც, რომელმაც უნდა განიხილოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები.

მსგავსი თემები