“ოპოზიციასთან მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხვედრა და მას შემდეგ ურთიერთობა გავწყვიტე ” – ჭიჭინაძე გაერთიანებულ ოპოზიციაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება პარლამენტში, ხელისუფლების მხრიდან გარკვეულწილად დათმობაა.

როგორც ჭიჭინაძემ “მედიაცეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრა ერთხელ ჰქონდა, თუმცა შემდეგ მათთან კომუნიკაცია გაწყვიტა.

“თუ მაჟორიტარების შემცირებაზე მიდის ხელისუფლება, ეს გარკვეულწილად დათმობასაც გულისხმობს. 23 მანდატი 150-იან პარლამენტში საკმაოდ სერიოზული კლებაა. ვერ დავეთანხმები იმას, რომ აი, ის მოდელი, რომელიც დღეს არის ზოგადად, ესეც ოპოზიციის მოთხოვნით იყო მიღებული. თავიდან, კონსტიტუციაში როდესაც იყო ჩაწერილი, არანაირად არ იგულისხმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივად 5%-იანი ბარიერი და როგორც ტარდებოდა აქამდე. მერე იყო ბლოკების ერთჯერადი დაშვება, ვინაიდან, 2024 წლიდან უბლოკო, მხოლოდ პარტიული სისტემა იქნება, 5%-იანი და პროპორციული. 2020 წლისთვის  მაშინ ოპოზიციის მოთხოვნა იყო, ერთჯერადად ყოფილიყო 3%-იანი ბარიერი. ამ ოპოზიციასთან მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხვედრა და იმის მერე გაწყვეტილი მაქვს.

„ქართულ ოცნებას“ მაგაში ვეთანხმები, რომ ხელისუფლების შეცვლა ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი საარჩევნო სისტემით. დღევანდელ პირობებში, „ქართულ ოცნებას“ იმის მესამედი მხარდაჭერა არ გააჩნია, როგორიც ჰქონდა და ყოველ დღე შეცდომას შეცდომაზე უშვებს. არ მგონია, რომ პრინციპულად საარჩევნო კოდექსით უნდა ხდებოდეს ხელისუფლების შეცვლა, ეს უნდა ხდებოდეს ხალხის მხარდაჭერით, მათთვის შეთავაზებული პროგრამებით. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიცია ვერ სთავაზობს საზოგადოებას  ისეთ პირობებს და დარწმუნებული არ არის მათ მხარდაჭერაში, მაშინ რა სისტემა უნდა მოვიგონოთ, რომ ქვეყანაში კოლაბსი მოვაწყოთ. ვცხოვრობდით აქამდეც. 50 მანდატი, მე ვფიქრობ, კარგი შეთავაზებაა. 0%-იანი ბარიერი იქნება 100-კაციან სიაზე, ესეც ნორმალური იქნება”, – განაცხადა ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები