ოპოზიციამ თავი შეირცხვინა, აღიარებენ თუ არა, პრეზიდენტი არსებობს – სიმონ ნოზაძე

​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ, თავი შეირცხვინა, ხოლო ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს უნარი, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოს. 16 დეკემბერი შესაძლოა, ერთგვარი გზაგასაყარი აღმოჩნდეს წესრიგის დაცვის თვალსაზრისით.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, შესაძლოა შსს-ს, “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ისინი თელავში გზების ჩახერგვას აპირებდნენ, რათა ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს არ აქვს  უნარი, თავისი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მშვიდობა უზრუნველყოს.

“მშვიდობა უზრუნველყოფილი იყო და იმის განცდაც უნდა შეიქმნას, რომ ყველა, ვინც დავაშავებთ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ვაგოთ პასუხი. ​ნუ ვიქნებით მიამიტები, ოპოზიცია არ მალავდა, რომ ემზადებოდა ინაუგურაციისთვის პრობლემების შესაქმნელად. ჩემი აზრით, გუშინ ოპოზიციამ თავი შეირცხვინა. ​არ ვიცი გუშინდელი დღე მშვიდობიანად როგორ ჩაივლიდა, ისინი ავტომობილებით რომ შემოსულიყვნენ თელავში. ​როგორც ვიცით, აქციის ორგანიზატორებს შსს-მ ქალაქში ავტობუსებით შეყვანა შესთავაზა. მე თვითონ ვნახე ეს. 200-მდე ავტობუსი იყო თელავის აეროპორტში მობილიზებული, ჩვენც ავტობუსებით მივედით. თელავში 200 – 300 ავტომობილის ერთდროულად შესვლით, აუცილებლად  ჩაიხერგებოდა გზა. ისიც არ ვიცი, რამდენი იყო აქციის მონაწილე, რაც ტელევიზორში ვნახე, იმის მიხედვით ვამბობ. გუშინდელი დღე, შესაძლოა ერთგვარი გზაგასაყარი აღმოჩნდეს წესრიგის დაცვის თვალსაზრისით. ვინც დავაშავებთ, ყველა მოქალაქემ, პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც გაცილებით ზომიერად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე თავისი გუნდით.

“2 კანდიდატი ხომ ვერ გაიმარჯვებდა? უნდა ეყოს მეორეს ვაჟკაცობა, მიულოცოს ზურაბიშვილს გამარჯვება და აღიაროს, რომ საქართველოს ყავს ახალი პრეზიდენტი. აღიარებს ეს ნაწილი თუ არა, პრეზიდენტი არსებობს და ერთობ გამართული სამოქმედო გეგმით მოდის. მან საზოგადოებას მისცა ერთმანეთის დაფასების ნიმუში, ყველა წინამორბედი პრეზიდენტი მოიხსენია დადებით კონტექსტში და არ დაუკარგა დამსახურება. რისი თქმაც შეიძლებოდა ლაკონურად, უმთავრესი თქვა. ამგვარი ურთიერთობის ტრადიცია უნდა გაგრძელდეს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მთავარში“.

მსგავსი თემები