“ომეგა ჯგუფის” ვალის გადაუხდელობა ბევრ დიდ კომპანიას გააკოტრებს – გიორგი ქობულია  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფს” აქვს ათობით მილიონი აშშ დოლარის დავალიანება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე კომერციული ბანკების მიმართ და ცდილობს ამ ვალდებულებას აარიდოს თავი. ამ თანხის გადაუხდელობა კი ძალიან ბევრ დიდ კომპანიას გააკოტრებს.

​მინისტრი მოუწოდებს “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელებს, პირველ რიგში დაფარონ დავალიანება და ამის შემდეგ გამოთქვან, თუ რა პრეტენზიები აქვთ მთავრობის მიმართ. არსებულ ვითარებაში კი, მისი აზრით, უხერხულია, მსგავსი ბრალდებების გამოთქმა, რაც მიზნად ისახავს, დავალიანების გადახდისგან თავის არიდებას.

“ვალი რომ არ ჰქონდეს, ვიფიქრებდი, რომ ამ ხალხს არც ვალი აქვთ, ასეთი წესიერი ბიზნესმენები არიან და ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ და მოდით, გავერკვეთ, რაშია საქმე, მაგრამ მოდი, პირველი საკითხი მოვაგვაროთ და როცა მოვაგვარებთ, მერე ვიფიქროთ სხვა საკითხებზე”, – განუცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დავალიანების გადახდას ვერავინ აირიდებს, ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი.

“ვერასდროს შევქმნით იმის პრეცედენტს, რომ ჩავებათ რაღაც დისკუსიებში, რომელიც მერე გაამართლებს იმას, რომ ადამიანი არ გადაიხდის გადასახადებს. გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ, რა პრეტენზიები აქვთ მაგათ მთავრობის მიმართ. მე არ გამიჩნდა კითხვა ჩემი თანაგუნდელების მიმართ, რადგან ვიცი ის ვალი რომ აწევს კომპანიას. ამას განვიხილავ ჩემი შინაგანი რწმენით, ამას განვიხილავ კომპანიისგან, როგორც მცდელობას, რომ თავი აარიდოს ვალის გადახდას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი საერთაშორისო ინსტანცია დასვამს საკითხს, რომ  ვალი გადაიხადოს ამ კომპანიამ.

მსგავსი თემები