“ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფაა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია მთავარი გამოწვევაა საქართველოსთვის და ევროპის საბჭოსთვის.

პრემიერის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა უმწვავესია.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, ის ადამიანებიც ახსენა, რომლებიც ოკუპანტების მიერ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები ჩაიწერა.

“ყოველდღე, ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამიტომ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები – გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები