“ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია ოკუპაციით” – ქეთევან ციხელაშვილი

“ზოგადად, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია ოკუპაციით”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ამ პროცესში არ დაზარალდება.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები, ისევე როგორც ყველა მოვლენა, ჩვენთვის არის საყურადღებო და საინტერესო. ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ რომელიღაც პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობას ვცნობთ, მაგრამ თავისთავად სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელობა აქვს ამ განვითარებებს. ჩვენი უპირატესი ინტერესი გახლავთ, რომ არ შეექმნას რაიმე რისკი მოსახლეობის უსაფრთხოებას. უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაცული. ჩვენთვის ამ ჭრილში განსაკუთრებით საყურადღებოა ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს უკვე დღეზე მეტია. ასეთი მოვლენები პირველად არ ხდება. როგორც გახსოვთ, არის გარკვეული პროცესები, წინა წლებშიც ყოფილა. ზოგადად, ფონი რეგიონში ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია მიმდინარე ოკუპაციით, გადაუჭრელი კონფლიქტით. აქ იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. საკითხები. ყველა ასეთი განვითარებისას პრობლემას ისიც ქმნის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად, წვდომა არ აქვთ რეგიონში და ამ ვითარებაში, იმედი უნდა გამოვთქვა, რომ ყველა განვითარება იქნება უპირველესად მშვიდობიანი და არ დაზარალდება არავინ, არ დაზარალდება ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მსგავსი თემები