“ოკუპირებულ აფხაზეთში ექიმებმა განგაში ატეხეს, აფხაზეთი მოუმზადებელი და დაუცველია ამ ვირუსთან საბრძოლველად” – ჯემალ გამახარია

“როდესაც გაჩნდა ეს გლობალური საფრთხე, კორონავირუსთან დაკავშირებული, აფხაზეთის საზოგადოებამ, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა, პირველ რიგში, ექიმებმა, ატეხეს განგაში, რომ აფხაზეთი არის დაუცველი და მოუმზადებელი ასეთ საშინელ ვირუსთან საბრძოლველად”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ჯერ კიდევ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსახლეობა დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებდა მიეღოთ ზომები, მაგრამ, ვინაიდან მათ ე.წ. არჩევნები ჰქონდათ წინ, 22 მარტამდე სერიოზული ზომები არ მიუღიათ.

“ეს ყველაფერი კიდევ უფრო ზრდიდა მოსახლეობაში განცდას, რომ ისინი დაუცველები არიან და დღე დღეზე მათ კარზე მოადგებათ ის უბედურება, რაც მთელს მსოფლიოს. დე-ფაქტო მთავრობა იძულებული გახდა 25 მარტს მიეღო სპეციალური დადგენილება ამასთან დაკავშირებით და დაეწესებინა მთელი რიგი შეზღუდვები. მათ შორის, შეკრება, თავყრილობები, სასწავლო დაწესებული დაითხოვეს, რესტორნები და კაფეები დახურეს. ეს წინასწარი ზომები იყო, ჯერ კიდევ 25 მარტს მიღებული. ისიც საზოგადოების ზეწოლით. მრავალათასიანი ხელმოწერები შეგროვდა და ე.წ. მთავრობა იძულებული გახდა, შემზღუდველი ზომები მიეღო.  ეს არ აღმოჩნდა სამარისი. მათ დახურეს ადმინისტრაციული საზღვარი ზუგდიდის რაიონთან, მაგრამ ღია რჩებოდა ფსოუზე საზღვარი, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი შემოდიოდა რუსეთიდან. თანაც, რუსეთში გავრცელდა ხმა, რომ ეს კორონავირუსი არ არის გავრცელებული და დაიძრა მთელი კოლონები აფხაზეთისკენ, რომ ეს დრო გაეტარებინათ აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, დე-ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსვლას არ უკრძალავს, რაც გამახარიას თქმით, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

“1 მაისამდე შეიზღუდა ტურისტების შემოსვლა. ესეც კარგი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა, ე.წ. ტურისტები მაინც აგრძელებენ ორგანიზებულად, ზოგი ვითომ მეგობართან მიდის, ზოგი ვითომ ნათესავთან. ეს საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსვლას არ უკრძალავს, რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს და საზოგადოება ამით ძალიან შეწუხებულია.  ყოველივე ამას თან ახლავს ფასების მომატება პროდუქტებზე, პროდუქტების სიმცირე და ფასების მომატება წამლებზე. მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო მთავრობა არწმუნებს მოსახლეობას, ფასები არ გაიზრდებაო, საზოგადოება ძალიან შეწუხებულია იმით, რომ ფასებმა მკვეთრად მოიმატა ყველანაირ პროდუქტზე. ხვალ და ზეგ, შესაძლებელია, ეს პროდუქცია საერთოდ არ იქნეს”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გამოცხადდა. 

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

https://www.youtube.com/watch?v=BiLTV32xmMs&feature=youtu.be

მსგავსი თემები