ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს – საგარეო უწყების განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად აფასებს.
 
როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ეთნიკური წმენდისა და ასობით ათასი  დევნილის ფონზე, ამ „არჩევნებს“ სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი  და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
 
ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.  
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

„ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე.

„რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა.  მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება, რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად,“ – აღნიშა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

24 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.

მსგავსი თემები