ოკუპანტები ახალ ტერიტორიას წითელი საღებავებით ნიშნავენ, რას აცხადებენ სუს-ში?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჩორჩანა-პერევის მონაკვეთთან გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აკათებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფოს ე.წ. საზღვრის გავლების მცდელობის ყველა შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ექნება.

„მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე ახალი, მისატაცებელი ტერიტორიის მონიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ გაავრცელა.

მსგავსი თემები