“ნუ მებლატავებით, როცა კითხვას გისვამთ მომისმინეთ” – კობერიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „მაესტროს“ ჯამურად 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, რომელიც ბიუჯეტის თანხაა. 

“ბიუჯეტიდან 55 მილიონი ლარია მოპარული, რომლის დამბრუნებელიც არავინაა. თან ამის საბუთი გაქვთ და არაფერს აკეთებთ. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს რომ ედავებით 17 მილიონს, მათ ბიუჯეტის თანხასთან შეხება არ ჰქონიათ და თქვენი მთავრობა დღე და ღამ პროკურატურაში დაატარებს. მაინტერესებს, რა გრაფიკის შედგენას აპირებთ 55 მილიონზე, რომელიც ბიუჯეტიდანაა მოპარული? დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ შეგწევთ ძალა, თქვენს სტრუქტურაში რეფორმები გაატაროთ.

ამასთან,  100 მილიონი დღგ-ს ნაწილში გაქვთ ყალბი აქტივი შექმნილი. შევარდნაძის დროს არ ხდებოდა ასე. რატომ არ მისმენთ? ნუ მებლატავებით და მომისმინეთ, როცა კითხვას გისვამთ.  მგონი, იმისთვის მოდიხართ, რომ მოგვისმინოთ. სხვა დეპუტატების კითხვის დროსაც ერთმანეთს ესაუბრებით. მე როცა გისვამთ კითხვას, მე უნდა მისმინოთ“, – მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს, რაც სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

მაჭავარიანმა კი კობერიძეს უპასუხა, რომ მისი საქმე არ არის შეკითხვის დროს საით გაიხედავს.

„შეგიძლიათ, დაელოდოთ როცა პასუხის დრო იქნება და გაგცემთ პასუხს. საით გავიხედავ ახლა თქვენი შეკითხვის დროს, ეს თქვენი საქმე არ არის. მიიღებთ ამომწურავ პასუხს. რა სახით და როგორ, თქვენი საქმე არ არის“,- უპასუხა მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატს.

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში ამ წუთებშიც უსმენენ. კანდიდატები, ამ დროისთვის, დეპუტატების მხრიდან დასმულ კითხვებს პასუხობენ.

მსგავსი თემები