“ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ” – ილია მეორე

“უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“ – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ტაძარში, ქადაგებისას.

პატრიარქმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა, ქადაგებისას ერის ერთად დგომის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ – ყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მას „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გიხაროდეთ, ღმერთი ჩვენთანაა“,- ბრძანა პატრიარქმა.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

მსგავსი თემები