„ნუ გახდებით გალიაში გამომწყვდეული ჩიტი, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის“ – ბელა ბერკემერ მახარაძე ოჯახურ ძალადობაზე

გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მევიოლინე ბელა-ბერკემერ მხარაძე ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართავს და სთხოვს, საკუთარი ოცნებისა და უფლებებისთვის იბრძოლონ. როგორც ცნობილმა მევიოლინემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ძალადობის გამართლება შეუძლებელია და მოძალადეები სწორედ ისინი ხდებიან, ვინც თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი.

„მინდა, ქართველ ქალბატონებს მოვუწოდო, რომ უნდა იოცნებოთ და ამ ოცნებებს უნდა გაჰყვეთ. ნურასოდეს ნუ გახდებით გალიაში გამომწყვდეული ჩიტი, თუთიყუში, რომელმაც უნდა გაიმეოროს ის, რასაც ჩასძახებენ. იყავით თავდაჯერებული.  თქვენი სიცოცხლე გეკუთვნით მხოლოდ თქვენ. ნურასოდეს დაიჯენთ თავზე თქვენს მეუღლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფიქრობს თქვენზე ძლიერია.  ნურასოდეს გააბედინებთ მამაკაცს ზედმეტს, რადგან, თუ ეს ერთხელ მოხდა, მომავალშიც გაგრძელდება. არავის აქვს უფლება, თქვენი ცხოვრება მოსპოს და გაანადგუროს“ – აღნიშნა ბელა ბერკემერ-მახარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან გერმანიაში ძალადობის სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ წელიწადში დაახლოებით 9 000-ზე მეტი მსგავსი ფაქტი ხდება.

„გერმანიის მოსახლეობა 48 მილიონია,  საქართველოსი კი დაახლოებით 3 მილიონი. გერმანიაში, წელიწადში, ძალადობის დაახლოებით 9000 შემთხვევა ფიქსირდება, ძირითადი მიზეზი კი ეჭვიანობაა. ეჭვიანობა კი მოდის იმიტომ,რომ  ადამიანი საკუთარ თავში არა არის  დარწმუნებული.  მამაკაცებო, მოგიწოდებთ, ნუ აწევთ ხელს და ნუ დაჩაგრავთ ქალს, ნუ გადაიქცევით ცხოველებად. ეცით პატივი თქვენს გვერდით მყოფ ქალბატონს. მგონია, რომ ყველა ადამინს უნდა ეშინოდეს კანონის. გერმანიაში, თუ მე ავწიე ხელი ვინმეზე, ან დავჩაგრე ვინმე, მას შეუძლია მიმართოს პოლიციას  მიჩივლოს. ეს უკვე ძალადობაა“, – აცხადებს ბელა ბერკემერ მახარაძე.

ცნობილი მევიოლინე მშობლებსაც მიმართავს და სთხოვს, მეტი სიყვარულითა და სითბოთი გაზარდონ შვილები, რომ შემდეგ მოძალადეებად არ იქცნენ: „ძვირფასო მშობლებო, თქვენს შვილებს ბავშვობაშივე მიეცით სითბო და ჩაუნერგეთ ადამიანის სიყვარული, მეტი პატივისცემა, რადგან სიყვარული გამორიცხავს ძალადობას და აგრესიას“.

მსგავსი თემები