„შეხვედრის მიზანი თავების დაყრა არ ყოფილა, პარტიაში ჯანსაღი ეტაპი იწყება“ – ნუკრი ქანთარია

„შეხვედრის მიზანი თავების დაყრა არ ყოფილა, პარტიაში ჯანსაღი ეტაპი იწყება. დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ავტორი თავად, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა აწონილი. ერთი რამ უდავოა, ჩვენ მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო. იყო საქმიან რეჟიმში ჩატარებული შეხვედრა. ძალიან შინაარსიანი საუბარი ხვალაც გაგრძელდება და გამიჩნდა დიდი რწმენა, რომ შევჯერდებით და ისეთ მოსამართლეებს შევარჩევთ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას“

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ  უმრავლესობის წევრთა რამდენიმე საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე იყო კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, პოზიციები იყო ძალიან მკვეთრად და ჯანსაღად გამოხატული.

“იყო გარკვეული კამათი, მაგრამ ეს არ იყო ის, რომ დამნაშავე ხართ ამაში, იმაში. ზღვართან მიახლოებული კამათი არ ყოფილა. პოზიციები იყო ძალიან მკვეთრად და ჯანსაღად გამოხატული. არ იყო საბაბი იმის, რომ ნაპერწკალი დანთებულიყო და ამ ნაპერწკლიდან რამე გაბზარულიყო ან გატეხილიყო“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ნუკრი ქანთარიას აზრით, გუნდში საკადრო ცვლილებები აუცილებელია, თუმცა, ამ საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

მსგავსი თემები