“ნიჭიერთა ათწლედი” 2018-2019 სასწავლო წლისათვის მიღებას აცხადებს

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მოსწავლეების მიღებას შემდეგ განყოფილებებზე:
საშემსრულებლო (საფორტეპიანო, ხემიან-სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები); კლასიკური ვოკალი (ასაკი 17 წლიდან 24 წლამდე); კომპოზიცია; მუსიკის თეორია და ისტორია; საგუნდო – სადირიჟორო და ჯაზის იმპროვიზაცია.
სკოლაში პირველად მიიღებენ მოსწავლეებს კლასიკური გიტარის კლასში.
როგორც “სითი კვირას” სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში” განუცხადეს, სპეციალობებზე მოსწავლეები მიიღებიან ყველა კლასში. სწავლების ხანგრძლივობა ძირითადად 12 წელია, ზოგ მიმართულებაზე კი 4-5 წლიანი სასწავლო კურსია. სამუსიკო სკოლაში სწავლა უფასოა.
​მათივე ინფორმაციით, განცხადებები მიიღება 7-დან 30 მაისის ჩათვლით 11.00 საათიდან 18.00 საათამდე.
მსურველებმა განაცხადის შემოტანისას კანცელარიაში უნდა წარადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და 1 ფოტოსურათი (¾-ზე).
მისაღები გამოცდები ჩატარდება 1-7 ივნისამდე.
მისამართი: ა. ჭავჭავაძის ქუჩა N19- ა. ტელეფონები: 2 98-36-96; 2 93-61-49;
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.
სკოლაში ამჟამად 200-ზე მეტი პედაგოგი მოღვაწეობს და 700-მდე ბავშვი ეუფლება მუსიკის ხელოვნებას.
ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ მსოფლიო მნიშვნელობის სასწავლებელს და ქართული კულტურის არამატერიალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ის ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ძირითად დონორად მიიჩნევა.

მსგავსი თემები