ნინო სანდოძე​ ის მოსამართლეა, რომელმაც გია გვიჩიანი უკანონო პატიმრობისთვის გაიმეტა – სოფო ხორგუანი

სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი, უარყოფითად აფასებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიას და აცხადებს, რომ იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც ამ მოსამართლეების სახელები და გვარები წლების წინაც იცოდნენ და მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

“2007 წელსაც ვლაპარაკობდი ამაზე, 2008 და 2009-შიც. 2010 წელს, უზენაეს სასამართლოში აქციებიც გავმართეთ ამ სიაში მყოფი ზოგიერთი მოსამართლის წინააღმდეგ”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისივე თქმით, ნინო სანდოძე​ ის მოსამართლეა, რომელმაც გია გვიჩიანი უკანონოდ გაიმეტა უვადო პატიმრობისთვის. გია გვიჩიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, კომპანია “თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს. 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ კი, 2017 წლის 20 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სამართალმცოდნე სოფო ხორგუანი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა აღნიშნულ სიას პარლამენტი კენჭს არ უყრის, თუმცა ეს საკმარისი არ არის. კანონმდებლებმა უნდა შეიმუშაონ კრიტერიუმები, რომელ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მომავალში მოსამართლეები.

მისივე თქმით, ქართულ სასამართლო სისტემაში პრობლემები არის და ეს წლებია გრძელდება. იგი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოქმედ პარლამენტს და თითოეული სახელმწიფოს მოხელეს აკისრებს.

“ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და სასამართლო სისტემაში, მთლიანად ხელისუფლების და თითოეული დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. რასაც ახლა ვუყურებ, ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს დღეს ქვეყანაში. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ  კომფორტი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა მანამდე, აღარ იქნება. ის, რომ მიშა და “ნაციონალური მოძრაობა” ცუდია, ეს გავიარეთ და ვიცით. 2012 წელს ვიყავით ამ რეალობა, დღეს გვინდა სხვა რეალობა და გვჭირდება რეალური განვითარება. სამომავლო დაპირებები აღარ დასრულდა”, – აცხადებს სოფო ხორგუანი.

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ სიაზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

მსგავსი თემები