ნინო ლომჯარია – პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკა გამოიკვეთა

“გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად, დადგინდა არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

“სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა. თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ მათ არ უნდა იჩივლონ სხვადადხვა საკითხებთან დაკავშირებით. რეალურად ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან საუბარიც ხშირად ხდება მათი თანდასწრებით და შეიმჩნევა ის, რომ ეს ადამიანები ერევიან ფაქტობრივად, პატიმრების ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან“, – განმარტა სახალხო დამცველმა.

მისივე განმარტებით, არაფორმალური მმართველობაზე და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული ადამიანების პრივილეგირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ასევე, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც. ღია ტიპის დაწესებულებების პრობლემების მოგვარებას კი, სადაც ბევრი პატიმარი იყრის თავს, ნინო ლომჯარია ციხის ინფრასტრუქტურის შეცვლაში, მცირე ზომის საპატიმროების აშენებაში, ბადრაგის, ციხის ადმინისტრაციისა და სოციალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდაში ხედავს.

მსგავსი თემები